ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთში 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის ორი შენობის განახლება.

გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, ატრაქციონების, განათებების, წყალარინების მოწყობა, ასევე ამფითეატრისა და კაფის მშენებლობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში კომპანია „პლანტაციას“ ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს საწარმოში კომპანიის ხელმძღვანელმა ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით სახელმწიფო ფერმერებს და მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში უდგას.

საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარია. მეწარმემ დაფინანსება პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო და ჩაის პლანტაცია ხუთი ჰა ფართობზე გააშენა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.