ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობების გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, მოეწყო ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების განათება.
„განახლებული რეგიონების“ ოთხწლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.