ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში.”
მთავრობის მეთაურმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ალტერნატიულ – სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და სუფთა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტირების მიმართულებით და უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. პრემიერის თქმით, ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მიმდინარეობს მუშაობა. ღარიბაშვილის განცხადებით, ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისტორიული ცვლილებების განხორციელება, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა და გლობალურ კლიმატის ცვლილებაში დადებითი გრძელვადიანი ცვლილებების მოხდენა.
დისკუსიის თანათავმჯდომარეები იყვნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
დისკუსიაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე არაერთი ქვეყნის ლიდერი და კერძო კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.