ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს კომპანია „ბორჯომისა“ და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 28 680-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან =12 502 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა გააძლიეროს კოორდინაცია მუნიციპალიტეტების მერებთან, რათა მათ აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ პროგრამის წარმატებით განხორციელებას.
ასევე, განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები და ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა. აღინიშნა, რომ კვირაში დაგეგმილია 400-ზე მეტი ავიარეისი. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ტურისტული აქტივობა იქაც მზარდი ტემპით ხასიათდება. რეგიონში თვეში 220-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება.
ამასთან, სხდომაზე დადებითად შეფასდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესი. 10 კვირის მონაცემებით ხელმისაწვდომი მედიკამენტებით 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ჯამში, მოსახლეობამ 42 მილიონი ლარი დაზოგა.
ხაზგასმით აღინიშნა დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 27.9 ათასით შემცირდა.
გარდა ამისა, საქართველოს კოორდინაციით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების კოორდინირებულად და შეუფერხებლად გატარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან გამტარობის კუთხით შეფერხებები არ არის, ამ მიმართულებით დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, ხოლო ლარსის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ასევე, დარეგულირდა მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის საკითხები.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.