ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი დაჭრილი სამხედროების ჩართულობა სპორტში, პარაოლიმპიურ სახეობებში, ნამდვილად საამაყოა. ჩვენი დაუმარცხებელი დაჭრილი სამხედროების ჩართულობა სპორტში მათი ბრძოლის გაგრძელებაა, რადგან ესეც ბრძოლაა – ისინი წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. სულ რამდენიმე შედეგს ჩამოგითვლით: მოპოვებული გვაქვს ფრენბურთში (გუნდურ ასპარეზობაში) ორი ოქრო, რვა სახეობაში – 41 ოქრო , 55 ვერცხლი, და 7 ბრინჯაო – ამით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა ჩვენს სამხედროებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ამერიკელი პარტნიორების დახმარებით განხორციელებულ პროექტზეც ისაუბრა.
„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის უნიკალური პროექტი, რომლიც განხორციელდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. იანვრის თვეში გავხსენით მულტიპროფილური სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისთვის, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში კი არა, შეიძლება ითქვას, მთელს ევროპაშიც. ამ პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა 5.5 მილიონი დოლარი, აქედან ერთი მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება, დანარჩენი სრულად გაიღო ამერიკულმა მხარემ. მადლობა მათ ჩვენი სამხედროების დაფასებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.