ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში განიხილეს.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მის უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. აქვე აღინიშნა უნგრეთის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. იმედი გამოითქვა, რომ ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების უფრო აქტიური ჩართულობით სრულად მოხდება შავი ზღვის მთელი პოტენციალის გამოყენება.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.