ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა ოთარ ღვინაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც ვაზისუბანში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა 37 წლის ოთარ ღვინაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამასთან, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს, ოთარ ღვინაშვილს ხვალ, 24 იანვარს მშობლიურ სოფელში, პატარა ჩაილურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი.