ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას, გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.
ხაზი გაესვა ეუთო-ს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან შეხვედრას მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის“, – დაწერა პრემიერმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.