ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ქართული ბატალიონი მოინახულა [ფოტო, ვიდეო]
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოინახულა.
თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო.
„სწორედ, თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში – ეს არის თქვენი გმირობისა და თავგანწირვის, თქვენი თავდადების შედეგი. ამისთვის მე, როგორც მინისტრი და რიგითი ქართველი, ასევე მოქალაქე, გიხდით მადლობას. მადლობა თქვენ სამსახურისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არ გეგონოთ უბრალო სიტყვები, მე ამას ძალიან მალე ჩემი ქმედებითა და საქმით გაჩვენებთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებისთვის სიტყვით მიმართვისას.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო; შემდეგ კი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულებით დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი დაიწყო მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ სტუმრობით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან ერთად ჩავიდა. გერმანულ ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალთან, ბრიგადის გენერალ იურგენ ბროტსთან შეხვედრაზე მხარეებმა ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა ბაზა „მარმალზე” დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბაზა „მარმალზე“ სტუმრობის დასასრულ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.