ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით – „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა.
„შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს. ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.