ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ITB Berlin 2023-ის გახსნის ღონისძიებაზე [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა ITB Berlin 2023-ის გახსნის ღონისძიებაზე.

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით!

მივესალმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს,  რობერტ ჰაბეკს,  ბერლინის მერს, ფრანცისკა გიფაის, „მესე ბერლინის“ ხელმძღვანელს, დირკ ჰოფმანს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს და ჩემს მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) დირექტორს, ჯულია სიმფსონს.

ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოს სახელით.

კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე, ხშირად მათ შორის დავის საგანიც იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. იგი ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტური, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობთ ქართველები.

საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად მოიპოვება ტერიტორია, სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა.

ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა – დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.

ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული – ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი.

ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობასავით ძველია.

დიახ, ჩვენი ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე  ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი. ალბათ ყველას გსმენიათ Homo Georgicus-ის, პირველი ევროპელების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის ორი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და სათავე დაუდეს თანამედროვე ევროპის მოსახლეობას.

ქართველ ერს  ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კავშირი მახლობელი აღმოსავლეთისა თუ შუამდინარეთის ძველ ცივილიზაციებთან. ქართული პოლიტიკური ერთეულების უძველესი მოხსენიება ასურულ წყაროებში გვხვდება. ქართული სამეფოები კოლხეთი, დიაოხი, იბერია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ანტიკურ ეპოქაში ჩვენ მაშინდელი დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კერა ვიყავით; „ოქრომრავალი კოლხეთი“, – ასე იხსენიება კოლხეთი უძველეს წერილობით წყაროებში ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა მიკენი, ბაბილონი, ათენი. ძველ კოლხეთში ყვაოდა ფილოსოფია; ფაზისის ფილოსოფიური სკოლის შესახებ, სადაც თვით ბერძნებიც იღებდნენ განათლებას, თავად ძველი ელადის ფილოსოფოსები მოგვითხრობენ.

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფენ კავშირს ოქროს საწმისის ელინურ მითსა და რეალობას შორის; ამ კავშირში ეჭვი არ ეპარებოდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ისტორიკოსებს. სწორედ კოლხეთის, როგორც ოქროს საწმისის ქვეყნის წყალობით დაიმკვიდრა პირველად საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ კულტურაში: კოლხეთში არგონავტების ლაშქრობას ეძღვნება ბერძნული მითოლოგიის მთელი ციკლი, ხოლო ბერძნული მითები არის ის მთავარი წყარო, რომელმაც დასაბამი მისცა ჯერ ანტიკურ, ხოლო შემდგომ ევროპულ კულტურას.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მას კონტინენტთა შორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას სძენდა აბრეშუმის გზა; საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა.

მოგვიანებით, ანტიკურ საფუძველზე, ჩვენ ერთ-ერთი პირველნი ვამკვიდრებდით ქრისტიანობას, რომელიც თანამედროვე ევროპის უმთავრეს ღირებულებრივ საფუძველს წარმოადგენს; ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება.

ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად.

საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე,  დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა  და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია. ევროპაში იყო გავრცელებული ლეგენდა პრესვიტერ იოანე ხუცესის შესახებ, ამ ლეგენდარულ პერსონაში სწორედ ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი იგულისხმებოდა.

მისი მმართველობის დროს საქართველოში, მსოფლიოში ცნობილი მანგანის აკადემიის ანალოგიით, ორი დიდი აკადემია შეიქმნა – გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც აღმოსავლურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ.

XII საუკუნეში საქართველოს მართავდა აღმაშენებლის მემკვიდრე თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამ ეპოქის ნაყოფია ჩვენი არქიტექტურისა და ხელოვნების მრავალი შედევრი, მათ შორის პოეტური ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ქართველთა მსოფლმხედველობას.

ენა, რომელზეც ეს უკვდავი ქმნილებაა დაწერილი, ერთ-ერთი უძველესია დღეს არსებულ ენათა შორის; ამ ენას ჩვენ დედაენას ვუწოდებთ, რადგან სწორედ იგია ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი, საიდანაც ქართული სული, ქართველის თვითშეგნება და მსოფლმხედველობა იბადება.

ასევე უძველესია ქართული დამწერლობა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა, ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა, რომელიც იუნესკო-მ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.

ჩვენ  მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.

ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.

ალბათ ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.

სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა – ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და დემოკრატიული საზოგადოების პირველ ჩანასახად შეიძლება ჩაითვალოს. იგი თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და ხშირად ახალი ტრადიციების დაბადების ადგილია. ამ უძველესი ტრადიციის წესები, რაც ვანში (დასავლეთ საქართველოში) აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშებით დასტურდება, დღესაც ცოცხალია ჩვენს ყოველდღიურობაში.

და, რა თქმა უნდა, სუფრასთანაა დაკავშირებული ქართული ღვინის მირთმევის კულტურაც. ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.

ჩვენ ვამაყობთ ამ ღვთაებრივი სასმელის დამზადების რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით, რაც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, დათარიღებული 8 ათასი წლით, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების განვითარებაზე.

სწორედ ამიტომ გამოცხადდა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად.

საქართველოში ითვლიან 500-ზე მეტ ადგილობრივ უძველესს ჯიშს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. ღვინის ქვეყანაში, ისტორიულად, თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა საკუთარი მცირე მარანი. ვაზი და ღვინო საღმრთო, რიტუალური, რელიგიური კულტის დონემდე იყო აყვანილი იმდენად, რომ სამშობლოს ყველაზე მაღალ ეპითეტად ვენახთან შედარებას იყენებდნენ; ქებათა-ქება ვაზისადმი – “შენ ხარ ვენახი” საგალობლად და ერთგვარ ეროვნულ ჰიმნად იქცა. ეს არის ლოცვა ქართველი კაცისა, ვისთვისაც მამული, ვაზი და ვაზის ლერწით შეკრული ქართველთა გამაქრისტიანებელი ჯვარი ერთ სიმაღლეზე დგას. ქრისტიანობის ისტორიამ არ იცის მსგავსი და თან უფრო პოეტური ფორმა ქრისტეს სჯულზე მოქცევისა.

ვამაყობ, რომ მქონდა პატივი   ხელი მომეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელმაც გაზარდა ქართული ღვინის ცნობადობა და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული მეღვინეობის სექტორი კიდევ უფრო განვითარდა, რაც 8 000 წლის წინ დაწყებული ისტორიის ღირსეული დღევანდელი დღეა.

მდიდარ ტრადიციებზე იზრდებოდა, ეფუძნებოდა და აგრძელებდა თანამედროვე საქართველოს შემოქმედი ყველა თაობა –  ჩვენი დიდი განმანათლებლები სულხან-საბა და ვახტანგ მეექვსე, დიდი რეფორმატორი და ევროპული მოდერნიზაციის მოთავე მეფე ერეკლე II, მოგვიანებით – ილია ჭავჭავაძე.  ევროპული საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც 1918 წელს კავკასიაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი დააფუძნა. ის გახდა  ქართველ ინტელექტუალთა ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდი.

ამ ტრადიციების პირმშოა ქართული მეცნიერება,  მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, საოპერო და საბალეტო ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, მწერლობა და პოეზია.

სამართლიანად ვამაყობთ 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მონაპოვრით, რომლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარ დოკუმენტად ითვლება, პროგრესული დემოკრატიული წყობით, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, დაადგინა სიტყვის, გამოხატვისა და რწმენის   თავისუფლება, განამტკიცა ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, დაადგინა ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური თანასწორობა.

მინდა, აღვნიშნო, რომ 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს – ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

გვეამაყება ისიც, რომ ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე – მიშელ მუსხელიშვილი იყო.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა.

შეუძლებელია აღნიშვნის გარეშე დავტოვო საქართველოს უნიკალური ბუნება. ჩვენი ბუნებრივი საგანძურის ხილვა გულგრილს ვერავის ტოვებს – საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, იუნესკო-ს  გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით. არცთუ დიდ ფართობზე, ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, საქართველო თავს იწონებს მაღალი მთის უნიკალური ეკოსისტემებით (ყაზბეგი, თუშეთი, ხევსურეთი), ნახევრად უდაბნო ვაშლოვანით, სადაც შექმნილია ბიორეზერვატები. საქართველოს ტერიტორიაზე (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთი) გადის ფრინველთა საემიგრაციო გზა, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მესამეა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12% დაცულია. დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნით 110 წლის წინ იწყება. ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა აქტიურად გრძელდება, რასაც დღეს, კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევის ფონზე, კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დღეს აქ ამ ისტორიის, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი კულტურის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, ეს თქვენ სურვილს გაგიჩენთ, ადგილზე ეწვიოთ ჩვენს ქვეყანას და უკეთ გაიცნოთ ჩვენი თვალწარმტაცი ბუნება, დიდი ისტორია და კულტურა, რაც მთავარია – მშრომელი, გულღია და უსაზღვროდ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი.

იქ თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას.

ისინი, ვინც უკვე ყოფილან საქართველოში, იცნობენ ამ ფენომენს და იციან, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა მართლაც უსაზღვროა.

ქართული გამოთქმა ამბობს: სტუმარი – ღვთისაა. ჩვენთან სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ.

ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ სწორედ ამ ტრადიციას, დაუწერელ, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო წესს აღწერს.

რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ქართველისთვის იგი იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად მუდამ ცოცხალი ტრადიციაა. ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.

დღეს ჩვენ განსაკუთრებული როლი გვერგო – ჩვენ სტუმრად ვართ ევროპაში, და ამავდროულად, გმასპინძლობთ საქართველოს სახელით. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია.

ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო!

მსურს, ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ:  ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო  არის  ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში.  და დღეს  საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად.

დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან,  როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ  მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,  ვიცე-კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.