ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.
დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.
სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.