ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატებაა, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.

„სხდომაზე განიხილეს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია. აღინიშნა, რომ 2023 წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა 1,766.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 16.8 პროცენტით და 14,001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4,075.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტი კი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 9,925.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, განხილული იქნა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხი. მოისმინეს კერძო პარტნიორის შერჩევის შესახებ ინფორმაცია.

საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ტვირთის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

შეხვედრაზე რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. 13 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში გადამუშავებულია 51 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან: 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 20 ათას ტონამდე საფერავი, 1,54 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 5 600-მა მევენახე ფერმერმა ჩააბარა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.