ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ცხრა საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ცხრა საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 წლების სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.
„აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მიმართულია კაპიტალის ბაზრის ამოქმედების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე.
სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-თან და შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას.
სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.