ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ თებერვლის თვეში საწვავზე 30-40-თეთრიანი კლება დაფიქსირდა. საუბარი შეეხო სურსათის ფასების შემცირების კუთხით არსებულ ვითარებას და სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც, მთავრობის მეთაურის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არაგონივრულად მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესი. ეკონომიკური საბჭოს მონაწილეებმა ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესი მიმოიხილეს.
სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს „ევრო 5“-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც, „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. ამ ინიციატივის განხორციელება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების გაზიფიცირების პროცესს. სხდომის მონაწილეებმა ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკურორტო ზონების რეაბილიტაციის გეგმა და განსახორციელებელი ნაბიჯები. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი პროექტების მიმდინარეობა, რომლებზეც, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. განსახილველ საკითხებს შორის იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი გეგმების შემუშავების პროცესი. აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მიმოიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი. აღინიშნა, რომ პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დაიწყება. საუბარი შეეხო უკვე არსებული პორტების განვითარების მიმართულებით გეგმებს.
საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე. როგორც სხდომის წევრებმა აღნიშნეს, წინა წლის იანვარშიც მაღალი – 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალური მშპ 8,4%-ით გაიზარდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ინფლაციის პოზიტიური მაჩვენებელი. აღინიშნა, რომ 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა, წლიური ინფლაცია კი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია.