ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილი ქალაქ რუსთავში რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა.

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება.

პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან რეგიონების მოსახლეობას თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სამგზავრო ავტობუსები ეყოლება. ეს პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას, რისთვისაც როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 53 მილიონი ლარი და შეძენილ იქნა „ისუზუს“ მარკის, EURO 5-ი სტანდარტის 154 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. როგორც ხედავთ, 51 ერთეული ავტობუსი დღეს ადგილზეა და გაემგზავრება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანარჩენი 20 კი თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ასევე გაიგზავნება ჩვენს რეგიონებში. 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. პროგრამა ერთჯერადი არ არის, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა. რეგიონების განვითარების ფარგლებში ამავდროულად შეძენილია „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რაშიც უკვე გადახდილია 33 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-ამდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.