ირაკლი ღარიბაშვილი - ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს, ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს
ჩვენს კანდიდატს ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქარელში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველამ მიიღოს მონაწილეობა.
„ქარელში ჩვენმა კანდიდატმა პირველ ტურში მაღალი შედეგი დადო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მეორე ტური გაიმართება, რომელშიც რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ბატონი ზაზა გულიაშვილი იმიტომ, რომ ქარელში მას ალტერნატივა არ ჰყავს. ის არის ღირსეული კანდიდატი და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს. ქარელში ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, არჩევნების მეორე ტურში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და დავდოთ ძალიან ძლიერი შედეგი. ამის მჯერა, მჯერა ჩვენი ამომრჩევლების და კიდევ ერთხელ, მინდა ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.