ირაკლი ღარიბაშვილი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ ლერი ხაბელოვს შეხვდა
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლერი ხაბელოვმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველომ, კერძოდ ბაკურიანმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად რომ უმასპინძლოს, კონკრეტული ღონისძიებების გატარება მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამში 100 მლნ ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, 2023-2024 წელს დაგეგმილია კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რაც მომავალში, ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, სპორტის კონკრეტულ სახეობებში, უცხოეთის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში მოემზადონ.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ესწრებოდნენ.