ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა ჩვენს მოქალაქეებს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ
ვიცი, რომ დაიწყეს სხვადასხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც; ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაზარზე ნავთობის რამდენიმე ათეული იმპორტიორი გაჩნდა.
„მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ვის დროს, პრაქტიკულად რამდენიმე ჯგუფი არსებობდა ბაზარზე, ერთი ჯგუფის ხელში იყო მონოპოლიზებული და ისინი კარნახობდნენ, იძლეოდნენ დირექტივებს ყველა იმპორტიორის მიმართ. ეს იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის კეზერაშვილის და სააკაშვილის ხელში. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მინდა, ყველას შევახსენო, რომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, რამდენიმე ათეული შემომტანი გაჩნდა ბაზარზე. ჩამოყალიბდნენ მსხვილი ჯგუფებიც, იმიტომ, რომ არის თავისუფალი კონკურენცია ბაზარზე და სახელმწიფო უხეშად, ზედმეტად არ ერევა ფასების რეგულირებაში და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ, მაგრამ მეორეს მხრივ, ყურადღებით დავაკვირდებით ყველა კეთილსინდისიერი იმპორტიორის ქმედებას, მათ ქცევას.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე შემცირდება საწვავზე ფასებიც, თუ რაიმე რადიკალური ცვლილება კიდევ არ განხორციელდა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებულ ვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.