ირაკლი ღარიბაშვილი - ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების დღეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება რუსული ოკუპაციის შედეგია. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ოკუპაცია ყველამ ერთად უნდა დაგმოს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრა გრძელვადიანი, გონივრული და კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოებას საჭიროებს.
„პანდემიას ემატება ის მძიმე ვითარება, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი, გონივრული, კარგად გათვლილი პოლიტიკის წარმოებას საჭიროებს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. კიდევ ერთხელ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი. რეალურად, ეს არის იმ არაგონივრული, უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ განახორციელა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამი წლის წინ, 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.