ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება, ჩვენთან მედიათავისუფლება არის გარანტირებული
ჩვენ – მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ – ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ და ჩვენთან მედიათავისუფლება გარანტირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჟურნალისტების ნაწილის პირდაპირ ჩაბმა ამ პოლიტიკურ კამპანიასა და აქციებში, არ აისახება კარგად მედიაგარემოზე.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, ყველასთვის, მაგრამ უდიდესი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ნაწილის უკვე პირდაპირ ჩაბმა ამ პოლიტიკურ კამპანიასა და აქციებში, რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ – მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ – ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ და ჩვენთან მედიათავისუფლება გარანტირებულია. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო და ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს.
„ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილი ჩვენს რეგიონში და ალბათ მსოფლიოშიც, გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ზრდა. მაისში 25%-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას.
ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და ხედავთ, რომ სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ვის სურს ამ პროცესის შეფერხება? ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ იმას, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთგვარ აჟიოტაჟს, რომელიც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.