ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, გავიმეორო სიტყვა „დაკეტვა“. ერთადერთი მარტივი თხოვნა აქვს მთავრობას, აიცერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აპრილში უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაში აისახა.
„მოგეხსენებათ, როდესაც რამდენიმე თვის წინ შეზღუდვების მოხსნა გადავწყვიტეთ, მაშინ ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც, თუ რაიმეს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის და მათი ინტერესებისთვის.
ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45 პროცენტი, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, მთელი ევროპის მასშტაბითაც, შეიძლება ითქვას. მაისში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა, 25 პროცენტის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12 პროცენტით. ამან საშუალება გააჩინა და მოგვცა დამატებითი რესურსების მობილიზების შესაძლებლობა ბიუჯეტში, ამიტომ ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. გაიხსნა თითქმის ყველაფერი ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით. ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპით აღდგენა და გამოცოცხლება, გაჯანსაღება. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები.
გუშინ, მაგალითად, როდესაც ვიყავით ბათუმში, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი – ყველა რესტორანი, ყველა კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით არის სავსე ბათუმი და ზოგადად, ჩვენი ტურისტული ადგილები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით – ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია ხელახლა გარკვეული შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, გავიმეორო სიტყვა – „დაკეტვა“ და ა.შ. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ნიღბის ტარების ვალდებულებაც ქუჩაში, რადგანაც გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. თუ ადამიანს სურს, მას შეუძლია, ატაროს ქუჩაშიც ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, ასევე გაჩერებებზე, ტრანსპორტში, ეს არის სავალდებულო. სავალდებულოა ნიღბის ტარება.
მეორე საკითხი, ე.წ. კომენდანტის საათი, გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები.
ვაქცინები იყო პრობლემა. შევძელით და ვაქცინები ჩამოვიტანეთ – იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო და შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა ორი კვირის წინ. „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, დაახლოებით ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა აშშ-ის მთავრობიდან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება.
გუშინწინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მლნ ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ანუ მილიონ-ნახევარი გვაქვს ადგილზე.
რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის – აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. ამიტომ, მე გთხოვთ კიდევ ერთხელ, მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.
გუშინ ჩავატარეთ 11 000 აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუ არ ავედით დღეში 20 000-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა.
დღეს მაგალითად, გვაქვს უკვე 2 600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო. მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები – ძალიან ცუდი ტენდენციაა. გვინდა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების და გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას – გთხოვთ, აიცერით“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას მოქალაქეები თუ არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, პანდემიის დაწყებისას, მთავრობა მარტო ვერაფერს გააკეთებს.
„რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. ვაქცინები არის ადგილზე იმაზე მეტი, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა, მილიონ-ნახევარი ადგილზეა და მილიონ-ნახევარი გზაშია, შემოვა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ასე რომ, ვაქცინაცია – უპირველესად, თქვენი, ჩვენი, მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, მშობლებისა და შვილების, უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ეკონომიკის შენარჩუნება. დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა, წინასწარ ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველაფერი, ყველა რესურსი, საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.