ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს. ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება – ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომლებზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.