ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს დამანგრეველი ომის შესაჩერებლად, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია
ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამანგრეველი ომი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის შესაჩერებლად, ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა მიმართა კითხვით: „რა გავლენა იქონია კონფლიქტმა თქვენს ქვეყანაზე და რას იტყვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თაობაზე? რაიმე ხდება ამ მიმართულებით?“ პასუხად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყველა ჩვენგანისთვის არის დიდი გამოწვევა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა.
„მადლობას მოგახსენებთ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ და ეს უკვე არის წარმატება და წარმატებული შემთხვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები – აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთს ორი სამხედრო ბაზა გააჩნია ჩვენს ტერიტორიაზე. მას შემდეგ ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა, როდესაც 2012 წელს ჩვენ მოვედით ძალაუფლებაში, ძალიან ბევრი ძალისხმევა განვახორციელეთ დეესკალაციის კუთხით.
დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია. გასულ წელსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ვიტყვი შემდეგს – ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, ეს არის დამამგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიჰყვება.
„სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო-ს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ, უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, სრულად დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც ვთქვი, სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებულა. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს სანქციები, რომელიც რუსეთზე დაწესდებოდა. პირიქით, ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, მე ვიტყოდი, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, რომ სანქციები არ მოჰყვა ჩვენს შემთხვევას. უნდა ვახსენო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ წავალთ წინ. ეს ომი თუ გაგრძელდება, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება მას. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ვიტყოდი, რომ ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.