ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა რეფორმა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა, ევროინტეგრაციას უფრო შეუქცევადს ხდის, ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება სტატუსს, რომელიც ევროპულ მომავალს მეტად გაამყარებს
ყველა რეფორმა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების“ თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შედეგს მიაღწია.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს წარმატებული საქმიანობისა და რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.