ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში
ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.
„მინდა, საზოგადოებისთვის გავაკეთო განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე. იცით, რომ ორი ვერსიაა შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია. როგორც მე ამიხსნეს, რეალურად ითარგმნა ამერიკული კანონი და შემდეგ მოხდა ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. თუ არ ვცდები, ეს კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ მოქმედებს. ვფიქრობ, არავის გასჩენია იმის სურვილი, განეკითხა, განესაჯა, რატომ მოქმედებს ამერიკაში ასეთი კანონი. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებში. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში.
ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ბოლო 10 წელია, ჩვენ ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის, ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულფასოვანი წევრი. ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს.
ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება, ბევრისთვის მიუღებელი იყოს საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ვიცით ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც, მაგალითად, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობა. ეს ასეც არის.
ჩვენ გამჭვირვალობით მართლაც ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც იმავე ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ასე რომ, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძლოა მიმდინარე კამპანია. მესმის, მათთვის მტკივნეულია. წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტს იღებდნენ და ჩვენი საზოგადოების წინაშე არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება არ არსებობდა. გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ამაზეა საუბარი. ასევე, ძალიან მკაფიოდ განიმარტა ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.