ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ადამიანი, ვინც გმირ პოლიციას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამაგალითოდ იქნება დასჯილი, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს
ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. პოლიციის წინააღმდეგ ვინც გაილაშქრებს, როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, სამაგალითოდ იქნება დასჯილი. ეს ყველამ იცოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან პოლიციელების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზაცია სრულიად ამორალური, დეგრადირებულია და ყველაფერს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ აკეთებს.
„ჩემი აზრით, ეს არის სამაგალითოდ ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალურმა, დეგრადირებულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „გირჩი“, თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გააკეთა. გახსოვთ, მათი მოგონილი იყო, ასე ვთქვათ, ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს, შემდეგ თქვეს, თურმე ფარისევლურ მღვდელთმსახურებას ეწეოდნენ. არ მინდა, ამას გავყვე, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს, რათა არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ ეს ადამიანი ბოლო პერიოდში ტრენინგებს უტარებდა, სთავაზობდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას ავალებდა. ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა სრული კრახით დასრულდება. მინდა, ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი და ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურები, ყველა, ვინც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს და ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ამის თქმას არ მოვერიდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.