ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველგვარი საუბრები არის უბრალოდ სპეკულაციები, ბიძინა ივანიშვილის წერილში ძალიან ნათლად არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც, პირადი საქმეც
ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც, პირადი საქმეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ვანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თუ არის შესაძლებელი.
ღარიბაშვილის თქმით, ფიქრობს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის წერილიდან საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს აღნიშნულ საკითხზე.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან. შესაბამისად, ყოველგვარი საუბრები არის უბრალოდ სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ, ნახეთ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, წერილი, სადაც ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მისი მოტივაციაც, მისი პირადი საქმეც. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.