ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.
საქართველოს მთავრობის მეთაური საგამოფენო ცენტრ „პარკოვში“ იმყოფება, რომელიც ყირიმის პლატფორმის სამიტს მასპინძლობს. ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი დახვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.
სამიტის მონაწილეებს შორის არიან – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და ფინეთის პრეზიდენტები; რუმინეთის, ხორვატიის, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები; შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები; დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის თავდაცვის მინისტრები. სამიტზე 14 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეა წარმოდგენილი. სამიტში აშშ-დან მონაწილეობს პრეზიდენტ ბაიდენის პირადი წარმომადგენელი, აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრი. ევროკომისია – ვიცე-პრეზიდენტის, ნატო – გენერალური მდივნის მოადგილის, ხოლო ევროპის საბჭო და სუამი – გენერალური მდივნების დონეზე არიან წარმოდგენილი.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. ღონისძიება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გახსნა.
ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, ლიდერები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე იგეგმება ყირიმში არსებული ვითარების შესახებ მსოფლიოსთვის სპეციალური მიმართვის მომზადება.
ყირიმის პლატფორმის სამიტს საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.