საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
„მოგეხსნებათ, ეს ახალი ინიციატივაა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების და ვიზიტის მეორე ნაწილი ეთმობა სწორედ ჩვენს მონაწილეობას ამ პლატფორმაში. ყირიმის პლატფორმას 40-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ განვიხილავთ სწორედ ამ ჩვენს ხედვას და პოზიციებს, თუ როგორ ვუყურებთ ყირიმის პლატფორმას, რადგან ეს არა მხოლოდ უკრაინის პლატფორმაა, არამედ ჩვენი პრობლემაცაა, რადგანაც მსგავსი გამოწვევა არსებობს ოკუპაციასთან და მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, მათი მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რაც არის დეოკუპაციასთან დაკავშირებული, არის ძალიან აქტუალური. პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ ამ მიმართულებებზე გააკეთებს ძირითად აქცენტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის პლატფორმა იყოს ასევე საქართველოს მხრიდანაც გამოყენებული ჩვენი ინტერესების უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. სწორედ ამ კუთხით და ამ კონტექსტში ვუყურებთ ასევე ჩვენ ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
სამიტს დაესწრებიან ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და ფინეთის პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. სტუმრებს შორის არიან რუმინეთის, ხორვატიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები.
სამიტზე შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, აშშ-ის მთავრობის წევრი/ტრანსპორტის მინისტრი. ევროკომისია წარმოდგენილი იქნება ვიცე-პრეზიდენტის დონეზე, გენერალური მდივნის მოადგილე წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო); სამიტს ევროპის საბჭოს და სუამ-ის გენერალური მდივნები დაესწრებიან.