ირაკლი ღარიბაშვილი - წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა, რითაც კიდევ ერთხელ დავაფასებთ ჩვენს ჯარისკაცებს
წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ოთხჯერ მეტს, 100 მლნ ლარს ვხარჯავთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ექნება სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის სამხედრო ინფრასტრუქტურა.
„ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არ ყოფილა რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემა, ეს იყო პრაქტიკულად დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან არსებული პრობლემები, რომლებიც ვერ გადაჭრა ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის ფუნდამენტური, კომპლექსური გადაწყვეტა და ამ მიზნით, მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ოთხჯერ მეტს, 100 მლნ ლარს ვხარჯავთ წელს. მოხდება დაახლოებით 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია. ჯარისკაცებისთვის ეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. ასევე, ვაწესრიგებთ სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან შიდა ინფრასტრუქტურას. პანდემიის მიუხედავად, დღეს უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 50 ლოკაციაზე, ხოლო დარჩენილ 10 ლოკაციაზე სამუშაოების დასაწყებად მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება. დაწყებულია 90 ყაზარმის, საცხოვრებელი შენობის, 20 სასადილოს, 100 შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო კაპიტალური და სარემონტო სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის დაწყებული არის ახალი ყაზარმების, სასწავლო კორპუსების, სასადილოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა და აღჭურვა. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სრულად მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა, რითაც კიდევ ერთხელ დავაფასებთ ჩვენს ჯარისკაცებს და შევუქმნით მათ ღირსეულ პირობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.