ირაკლი ღარიბაშვილი - წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10 პროცენტზე მეტიც იყოს, ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, გახსნილ ეკონომიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება
ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას, ის ტენდენციები, ტრენდი, პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რაც ბიზნესიდან მომდინარეობს, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმედს, რომ ძალიან სწრაფად ხდება ეკონომიკის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება და ექსპერტები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას პროგნოზირებენ.
„ეს ყველაფერი გვიქმნის ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება ძალიან სწრაფად. ეკონომიკის აღდგენა უკვე დაიწყო, 45 პროცენტი იყო აპრილის თვეში ეკონომიკის ზრდა, რაც იყო უპრეცედენტო მაჩვენებელი და უნიკალური შემთხვევა. მაისშიც ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ შედეგს ველოდებით. შესაბამისად, წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, პესიმისტური სცენარით, 7 პროცენტზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10 პროცენტზე მეტიც იყოს, ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.