ირაკლი ღარიბაშვილი - წელს პირველად, საქართველო გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით
წელს პირველად, საქართველო გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების ინდექსი – საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. ორჯერუსწრებს მმართველობის ეფექტიანობით. ღია ბიუჯეტის ინდექსზე უკვე მოგახსენეთ, არა თუ უკრაინასა და მოლდოვას, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე. წელს პირველად, ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე“,- განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ფრეიზერის ინსტიტუტისა და Heritage Foundation-ის ინდექსების მაჩვენებლების შესახებ.
„გავაგრძელებ ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის მე-5 ადგილზე, უკრაინა არის 129-ე ადგილზე, მოლდოვა – 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 26-ე ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩვენებლით და მე-18 რეგიონული მაჩვენებლით, უკრაინა არის 130-ე ადგილზე, მოლდოვა – 78-ე ადგილზე,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კორუფციის აღქმის ინდექსზე.
„რაც შეეხება კორუფციის რისკებს და ამ ინდექსის მიხედვით საქართველოს შედარებას მოლოდვასა და უკრაინასთან: საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104- ე ადგილზე. ბიზნესის კორუფციული რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა 104-ე და მოლდოვა 115-ე ადგილზე. კორუფციის გლობალური ინდექსით, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა არის 123-ე ადგილზე და მოლდოვა 114-ე ადგილზე. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45-ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების რეიტინგზეც, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.
„ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს, აქაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე და მოლდოვა 84-ე ადგილზე, მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ევროპელებო. აი, ეს არის ჩვენი ათწლიანი მუშაობის კონკრეტული შედეგი, გამოხატული კონკრეტული რეიტინგების მიხედვით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, თქვენ ყველაფერი მოისმინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.