ირაკლი ღარიბაშვილი - წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება
წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა, ახლა დეტალებში წავიდე, ყველამ კარგად ვიცით, აქ რა მოხდება. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც, მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„უფრო მეტიც, ვიტყოდი, არათუ არ მოხსნილა, არამედ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ამ ბოლო დღეების განმავლობაში კარგი რაც მოხდა, ამ ადამიანების სრული ლუსტრაცია მოხდა. დავიწყოთ თავიდან, რომ 300 ენჯეო იყო გაერთიანებული, 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა ამ პეტიციას, ვინც იყვნენ ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“, ეს კლუბები, ორგანიზაციები, რაც აქვთ შემქნილი და, რა თქმა უნდა, მათი ეს ამოცანა, კიდევ ვიმეორებ, იყო დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაღაც გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. მე არ გამოვრიცხავ, კიდევ ვიმეორებ, ვიცით მათი ინფორმაციების თაობაზე, მათი გეგმების თაობაზე და, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის უკრაინის, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ, უკრაინის დახმარება ომში. როგორ? მეორე ფრონტის გახსნა. ტერმინი „მეორე ფრონტი“ საიდან მომდინარეობს? ბევრს ჰგონია და მათ შორის, ამას წინათ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მკითხეს, მეორე ფრონტის ტერმინი საიდან მომდინარეობს. მე მათ ვუთხარი, რომ ეს მომდინარეობს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ უკრაინის ოფიციალური, მაღალი თანამდებობის პირის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის აღიარებითი ჩვენება, სადაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენ, არამედ ეს ომი უნდა გადასულიყო საქართველოში და მოლდოვაშიცო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოუდგენელია, ამიტომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
„ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გაქვს მოსმენილი, როცა ფაქტებით არის ეს ყველაფერი გამყარებული, სააკაშვილის შემოგზავნა, მათი განზრახვა, შემდეგ მეომრების წაყვანა დემონსტრაციულად, პროვოკაციულად და ა.შ. და ამას შენ ნებსით თუ უნებლიეთ ეხმარები, ბუნებრივია, ხარ ომის მომხრე. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ვეძახით ომის პარტიას და ომის მსურველებს. ამ ადამიანებმა იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია, „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დესტრუქციული, მჩაგვრელი ძალა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, გადატრიალების მოწყობა, რაღაც თემაზე, ნებისმიერზე, მაგალითად, ამაზე, და შემდეგ რომ გაიმყარონ ხელისუფლება, რაღაც ისეთის წამოწყება, რაც მათ კონსოლიდაციის საშუალებას მისცემს. ახლა რა არის ძალაუფლების კონსოლიდაციის საშუალება, ასეთ ვითარებაში არის ომი. ომის დროს ნებისმიერ უკანონობას აკეთებს ხელისუფლება. აი, ნახეთ, რა ხდება, არცერთი ტელევიზია არ იმუშავებს, არცერთი ოპოზიცია. ყველას წინააღმდეგ გააკეთებენ ანგარიშსწორებას და შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ ეომებიან რუსეთს. ახლა მოდელირება რომ გავაკეთოთ, რომ გვიკიჟინებენ, რატომ არ ვერთვებით ომში. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე, ყველამ კარგად ვიცით, აქ რა მოხდება, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც, მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.