ირაკლი ღარიბაშვილი - წალკის კანიონი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა მემკვიდრეობის დაცვის შერწყმა თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან
მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი; ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის წარმატებით განვითარება, რისი ნათელი მაგალითიც არის წალკის კანიონის უნიკალური პროექტი.
„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო ებრაელო სტუმრებო, ჩვენო მეგობრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და მე მინდა, პირველ რიგში ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება და სწორედ, ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს; გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო – ისრაელი და ებრაული კომპანია“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ამ კანიონის მიმდებარე ტურისტული სერვისების განვითარებას, აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას. სწორედ ესაა სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები, ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რომ ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა. მსოფლიოში საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, ყველაზე დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ძალიან გვიხარია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის, მჯერა, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდი მადლობა! ტოდა რაბა!“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკა თორდიამ. პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურ დირექტორთან ერთად წალკის კანიონი დაათვალიერა. წალკის კანიონი პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა ებრაული კომპანიის KASS LAND-ის მიერ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.
პროექტის ფარგლებში, კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა. კანიონის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.