ირაკლი ღარიბაშვილი - ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე
ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთად ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს, რა მოხდა.
„რა თქმა უნდა, მე ვუერთდები ირაკლი კობახიძის განცხადებას და მოწოდებას ჩვენი პარტიისადმი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ, რაიმენაირად ეს მშვიდი საარჩევნო გარემო და პროცესი დააზიანონ. ზოგადად გეუბნებით. ეს უნდა დადგინდეს, ამის კადრები უნდა ვნახოთ, ეს უნდა დამტკიცდეს. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია ჩემთვის. აი, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია. მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ და შემდეგი სამი წელი იყოს აღმშენებლობისა და პროგრესის წლები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია.
„მეკითხებით, მედიის ხმა ჩაახშეთო. ვინმეს თუ გჯერათ ეს. საქართველოში 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. 14 დღეში შეგიძლიათ, გახსნათ ტელევიზია და ამის მაგალითი ხართ თქვენ, „მთავარი არხი“. ასე რომ, დამშვიდდი და დატკბით ამ კომფორტით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.