ირაკლი ღარიბაშვილი - ვპირდები ოპონენტებს, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ, ვიდრე ექნებათ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან
ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან ვიდრე ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 13 წლის წინ გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია
„მივესალმები ყვარელს და ყვარლის მოსახლეობას, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით – მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, მხარდაჭერით. ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის. მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ხალხი იმარჯვებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი დ განსაცდელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ – არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასული იყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმე პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს, რა თქმა უნდა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მეგობრებო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ ვპირდები, რომ მე ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან ვიდრე მათ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად დანაშაულებს და შეცდომებს. ერთი მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.