ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - ომში მყოფი ადამიანი როდესაც იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიან დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს
ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე - ომში მყოფი ადამიანი როდესაც იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიან დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს

უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და, ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ მთლიანად დონეცკის ოლქში და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა. ახლა ომში მყოფი ადამიანი როდესაც იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას ომის დროულად დასრულება და მშვიდობა უსურვა.

„ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა, გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა, ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.