ირაკლი ღარიბაშვილი - ვმუშაობთ ხუდონის ახალ პროექტზე, რათა მშენებლობისას სოფლის დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი, შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ გამომუშავება თითქმის იგივე იყოს
ვმუშაობთ ხუდონის ახალ პროექტზე, რათა მშენებლობისას სოფლის დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება შეიძლება თითქმის იგივე იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს.
„მოგეხსენებათ, ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი გახლდათ, რადგან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რათა ისე აშენდეს, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სასიხარულო.
უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით ვგეგმავთ. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, რადგან ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის მსხვილი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.