ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
„მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლების ურბანულ განახლებას. აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, უპირველესად ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეულ რეგიონში განახლებას, გაჯანსაღებასა და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს უპირველეს ყოვლისა ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.