ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ათასობით დევნილს დავუკანონეთ და გადავეცით ბინები, მათ შორის „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში შევუძინეთ სახლები, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ დევნილს არ აქვს ბინა.
„ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 000 დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში. 7 000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ სამ-ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.