ირაკლი ღარიბაშვილი - ვის სურს დესტაბილიზაცია, თუ არა ოკუპანტ ქვეყანას, „ნაცმოძრაობასა“ და მიშა სააკაშვილს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ადამიანი უნდა გაემიჯნოს მათ დანაშაულებრივ მიზნებს
ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ არა კრიმინალებთან, არა დესტრუქციულ ცხელ თავებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„ოპოზიციასთან მოლაპარაკება აუცილებელია, დიალოგი აუცილებელია. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, არა ამ დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ და რომელთა ინტერესები, რომელთა მიზნები პირდაპირ უკავშირდება და ემთხვევა მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს. ვის სურს ეს დესტაბილიზაცია ქვეყანაში, თუ არა ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, „ნაცმოძრაობას“ და მიშა სააკაშვილს. ყველა სხვა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, თუ ამის პრეტენზია აქვთ და მე ვიცი, რომ იქ, რიგებში არიან ადამიანები, ვისაც ამის პრეტენზია აქვს, უნდა დაუყოვნებლივ გაემიჯნონ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, მათ დანაშაულებრივ ზრახვებსა და მიზნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.