ირაკლი ღარიბაშვილი - ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში
მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა“ აძახებინეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ჯერ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს და მერე იფიქროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე.
„ბუნებრივია, დღეს ყველანი სოლიდარულნი ვართ. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას – მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს. წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს.
ვიმეორებ, რომ დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ამ ძალიან ბევრი გულანთებული ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესებს ეძებენ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის და ვინმეს თუ უფიქრია, რომ დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით?! – ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, მეგობრებო. ჩვენ ამას არ უნდა მოვერიდოთ.
ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ მე და ჩვენ ყველას, მთელ ხელისუფლებას გვაქვს პატივი, მაგრამ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, იმისათვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი, რისთვისაც მათ 19 წელი დასჭირდათ.
„რაც შეეხება საკითხს, რომელზეც ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და უაზრო კამპანია წამოიწყეს – უნდა შეუერთდეს თუ არა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. მე განმარტება გავაკეთე, რომ ვეფუძნებით რა ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას და მინდა, ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ძალიან მოკლედ და მარტივად. მანამდე გეტყვით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიჰყიდა? – რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. წყლის კომპანიები, ჰიდროელექტრო სადგურები, ენერგეტიკული სხვა ობიექტები მიჰყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ. ამას გარდა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს ბაზრის გახსნას, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, 2012 წლის თებერვალში, მაშინ, როცა აქ გამძვინვარებული იყო მათი ანტირუსული რიტორიკა და ა.შ. მანამდეც იყო არაერთი ფაქტი ჩვენი სახელმწიფო კომპანიების რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გადაცემის. ეს ფაქტებია, არაფერი გაზვიადებული, ამის თაობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. მე შევახსენებ ყველას, რომ აღნიშნული პროცესი იყო გაჭიანურებული. 19 წელი დასჭირდა რუსეთს იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეუთანხმებლობა. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ რა თქმა უნდა, ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.