ირაკლი ღარიბაშვილი - ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს მედიაპლურალიზმს, არაფერი გაეგება საქართველოში ახლა არსებულ მედიაგარემოზე
ვინმე თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ გარემოზე, მედიაგარემოზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რეკომენდაცია შესრულებული არ არის.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ „2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არცერთი ნორმალური, ძლიერი, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი“.
„თქვენს პათოსში ზოგადად ვკითხულობ, რომ მაინცდამაინც არ გიხარიათ სტატუსის მინიჭება და მაინცდამაინც არ ხართ დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. მე თქვენს ადგილას შემდეგნაირად დავსვამდი შეკითხვას – თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, რომ კითხვები შემცირდეს. ჩემო ძვირფასებო, თუ რაიმეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ბოლო წლებში ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ეს იყო ყველაზე მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით – ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება ნამდვილად. სტატუსი არის სიმბოლური გამოხატულება იმ ყველაფრის, სიმბოლური აღიარება, ამიტომ დაველოდოთ. რაც შეეხება მედიაპლურალიზმს, თქვენ მეკითხებით მედიაპლურალიზმზე. თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მედიაგარემოზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არცერთი ნორმალური, ძლიერი, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი. დღეს უამრავი ტელევიზიაა და აქ ხართ წარმოდგენილი ძლიერი ოპოზიციური არხები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.