ირაკლი ღარიბაშვილი - ვინმე თუ არის შემძლე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“
ვინმე თუ არის შემძლე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.
„ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა, დამატებით, ამერიკიდან 50 თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება.
საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა? ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.
გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.