ირაკლი ღარიბაშვილი - ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და საქართველოს ინტერესებში იქნება და არ იქნება რუსეთის ინტერესებში
ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და საქართველოს ინტერესებში იქნება და არ იქნება რუსეთის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყველა პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, რომელიც 45%-ით არის შესრულებული და თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული.
„კანდიდატის სტატუსის ფასი შევაფასოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. მე ვარ ვალდებული და ანგარიშვალდებული ჩვენს ხალხთან, ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური. ჯერ კიდევ დიდი იმედი მაქვს და ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც, რა თქმა უნდა, ევროპის ინტერესებშიც, ჩვენს ინტერესებშიც არის და ეს გადაწყვეტილება არ იქნება რუსეთის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ, უკრაინა-მოლდოვას, არ მინდოდა შემედარებინა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული და 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.