ირაკლი ღარიბაშვილი - ვინ გამოუშვა უგულავა, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის, ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კითხვა, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა ციხიდან, მას არ ეკუთვნის.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება შეკითხვას, უგულავასთან დაკავშირებით, ვინ გამოუშვა, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის ბატონო ლევან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის განცხადებებში, რომელიც ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ძალების მოქმედებას უკავშირდებოდა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობდა.
„ჩემს გამოსვლაში ყველაფერი, რაც ვთქვი და უკავშირდება დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან დაკავშირებულ ამ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ პარტიულ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებასა და სტაბილურობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, ეს მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.