ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, სტუდენტი არ ფიქრობდეს დამატებითი ფინანსების მოძიებაზე, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტის მოტივაცია აქედან მივიღე
ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებითი ფინანსების მოძიებაზე, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მოტივაცია აქედან მივიღე, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტი განგვეხორციელებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა ექვს წელიწადში 1 150 საუკეთესო სტუდენტი შეარჩია და ხელი შეუწყო მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.
„პირველ რიგში, მე მინდა ყველას მოგილოცოთ ზოგს დაბრუნება, ზოგს – მე ვიცი, რომ ზოგი მიემგზავრებით. ძალიან მოკლედ მინდა ჩვენს მოსახლეობას და ახალგაზრდებს ვუთხრა, რომლებიც გვისმენენ ახლა, ამ პროექტის შესახებ. პროექტი, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2014 წელს, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან წარმატებული. მე შედეგებით და ფაქტებით ვისაუბრებ. ექვს წელიწადში დაახლოებით 1 150 საუკეთესო სტუდენტი შევარჩიეთ და ხელი შევუწყეთ მათ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამ პროექტიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალური ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენს ყველაზე დიდ აქტივში – ახალგაზრდობაში. ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება და ზოგადად ჩვენი ახალგაზრდობა, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ. ვიცი, რომ ძალიან ბევრ გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონე, სწავლა გააგრძელონ უცხოეთში, უმაღლეს სასწავლებლებში. მე ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში. მე პირადად მაქვს გამოცდილი, ჩემს თავზე, 20 წლის წინ, როცა მე ვსწავლობდი საფრანგეთში, ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს თუნდაც დამატებით ფინანსების მოძიებაზე და ა.შ. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და სწორედ ინსპირაცია თუ მოტივაცია აქედან მივიღე და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველამ ეს პროექტი განვახორციელეთ. ვიმეორებ, ექვს წელიწადში 1 150 საუკეთესო სტუდენტი იქნა შერჩეული და გაგზავნილი უცხოეთში, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის, მხრივ, როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ეს პროგრამა მთლიანად იყო ირაკლი ღარიბაშვილის იდეა და პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო მის ყოველდღიურ დაგეგმარებასა და მართვაში.
„დღეს დამთავრდა საკონკურსო წელი ჩვენი პროგრამისთვის, განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის და შესაბამისად, მოწვეულები არიან, როგორც ახალი შერჩეული, ასევე მიმდინარე და კურსდამთავრებული სტუდენტები. დღევანდელ ჩვენს შეხვედრას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს“, – აღნიშნა ნინო ჭელიძემ.