ირაკლი ღარიბაშვილი - ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, კანონმდებლობისა და გაერო-ს ქარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომმა უკრაინაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში და საქართველოს მთავრობა ეხმარება ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს.
„მადლობა შვედეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს მასპინძლობისთვის, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკომისიას, თქვენ ყოველთვის იყავით საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ინტეგრაციის გზაზე. უპირველეს ყოვლისა მინდა ვახსენო, რომ ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს ქარტიის. ამ ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის შექმნის სამომავლო საფუძველს.
ომმა უკრაინაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რაც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერ დახმარებას და ქმედებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.
„ჩვენ საკუთარი რესურსების მობილიზაციას მოვახდენთ, რათა დავეხმაროთ ქვეყანას. სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში. საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც უკვე განხორციელდა, შეადგენს 7 მილიონ ამერიკულ დოლარს და გავაგრძელებთ დახმარებას დაახლოებით 28 000 უკრაინელი მოქალაქის, რომლებიც ომის შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში. 5 ტონაზე მეტი დახმარება გაიგზავნა უკრაინაში სახმელეთო და საჰაერო გზებით.
ჩემი მთავრობა ეხმარება ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს დაბინავებაში, სამედიცინო მომსახურებაში, სკოლებისა და ბაღების წვდომის საკითხებში უფასოდ. ჩვენ გავაგრძელებთ მოძმე ერის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით 2022 წლის ბოლომდე. ჩვენი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინის მოქალაქეებს ეხმარებიან დაბინავებასა და სხვა საკითხებში. საქართველო პირველ ადგილზეა 190 ქვეყანას შორის უკრაინის ფოსტის ინფორმაციით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთობა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა გამოდის უკრაინის დასახმარებლად, საჭიროებს მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ, უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და აღმავლობას ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლონეთში დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „უკრაინისთვის“ მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაშიც.