ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობთ, კალათბურთის სფეროს განვითარებისა და ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ
ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით, კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ევრობასკეტ-2022“-ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„მთავრობის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურთის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, „ევრობასკეტ 2022“, ამიტომ საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ დიდი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისკენ. მთავრობისგან ხელშეწყობა გაქვთ, იცით, რომ ამხელა დარბაზს ვაშენებთ, მთავრობა სრულად არის ჩართული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი სურვილია, რომ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე ერთად ვიმუშაოთ. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ კალათბურთი, უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს კალათბურთის ფედერაციას. აუცილებლად საჭიროა რეგიონებში განვითარების შეტანა და იქ საკალათბურთო სკოლების შექმნა, დაარსება და ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა. დღეს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ასევე მინდა, მოვუსმინოთ ჩვენი გუნდის წევრს, ვიქტორ სანიკიძეს, ცნობილ კალათბურთელს და დამსახურებულ სპორტსმენს. მასაც აქვს თავისი ხედვები, იდეები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, FIBA-ევროპის ბორდის წევრსა და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტს გიორგი ქართველიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა ბატონო პაატა, ბატონო გიგა. თქვენ ძალინ ბევრი გააკეთეთ და ზოგადად ბევრს აკეთებთ კალთბურთისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთის განვითარების საქმეში დიდია თქვენი წვლილი და ამისთვის თქვენ და თქვენი გუნდის ყველა წევრს მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩვენი სურვილია, რომ კალათბურთში, თქვენ ოჯახში სიმშვიდე, ერთობა, სიმტკიცე, განვითარება იყოს და გარწმუნებთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ სამინისტროსთან, მთავრობასთან, ჩემთან პირადად, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ. რაც მე გავაჟღერე ეს ციფრი, 100 მილიონი ლარის ინვესტირება, ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად წარმოგიდგენთ ხედვას, გეგმას. გვინდა, დიდი ყურადღება მივაქციოთ კალათბურთს. მე ახლა ვიცი, რომ არჩევნები გაქვთ და ეს არჩევნები, ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩავატაროთ, ისე, როგორც ჩვენს საერთო ოჯახს და საქმეს ეკადრება. უნდა იყოს სიმშვიდე და განვითარება. ჩვენ ეს გვჭირდება. ევრობასკეტიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და შემდეგ ვიფიქროთ განვითარებაზე. კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კალათბურთი და მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში. რეალურად, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალია ქვეყანაში კალათბურთის განვითარების, ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ სანიკიძე და ძალიან ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, კალათბურთი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც ყველას, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.